სოციალური მეწარმეობა
ბოლო წლებში, არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც სოციალური მეწარმეობა ასოცირდება ახალ ფენომენთან, რომელიც ბიზნესის „ახლებური გზით“ კეთებას გულისხმობს, თუმცა, ეს „ბიზნესები“ იქმნება კონკრეტული სოციალური მიზნების მისაღწევად.
სოციალური საწარმოების ცალკეულ მაგალითებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ვხვდებით, მისი დინამიკური განვითარება კი 90-იანი წლებიდან იწყება.
დღეისათვის სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა განსხვავებული პრაქტიკით ხორციელდება და შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განიმარტება. მიუხედავად განსხვავებული განმარტებების არსებობისა, თითოეულ მათგანს ერთმანეთთან აკავშირებს კონცეფციის ძირითადი არსი და ღირებულება, რომელიც გულისხმობს ბიზნეს მიდგომას სოციალური მიზნებისთვის.