საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


მოემზადე ცვლილებებისთვის

მოემზადე ცვლილებებისთვის

14 იან

მომზადე ცვლილებებისთვის

ავტორი : გიგა ჩიტიშვილი - სციალური მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერი;
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

თუ გიფიქრიათ, რა არის სოციალური მეწარმეობა?ან როგორ შეუძლიათ სოციალურ მეწარმეებს გარდაქმნან იდეები საზოგადოებისათვის საკეთილდღეო საქმედ და მოახდინონ სოციალური გავლენა ბაზარზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით? ან  რა განსხვავებაა ტრადიციულ ბიზნესსა და სოციალურ საწარმოებს შორის? ან როგორ შეუძლიათ რეგიონებში დაფუძნებულ სოციალურ საწარმოებს პოზიტიური ცვლილებების ინიცირება მოახდინონ კონკრეტულ თემში? აღნიშნული სტატია მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას წინამდებარე საკითხებთან დაკავშირებით.

თავდაპირველად გავიხსენოთ როგორ განმარტავს ევროკავშირი ამ კონცეფციას: “სოციალური საწარმოები საზოგადოებრივ მიზნებს აკავშირებენ მეწარმეობრივ სულისკვეთებასთან. ეს  ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან, რომ მიაღწიონ უფრო ფართო სოციალურ, გარემოცდაცვით ან/და საზოგადოებრივ მიზნებს”. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (სოციალური მეწარმეობის გაძლიერება მოშორებით მდებარე რეგიონებში) 8 ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, ხუთი დღის განმავლობაში გაცნობოდა ლიეტუვის გამოცდილებას სოციალურ მეწარმეობასთან მიმართებით.

ლიეტუვის კანონმდებლობა (მიღებულ იქნა 2004 წელს) სოციალურ მეწარმეობას განმარტავს, როგორც სამუშაო ინტეგრაციას, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას დასაქმების შესაძლებლობა სამუშაო ბაზარზე ნაკლებად პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის. კონცეფციის  განმარტების ამგვარი დავიწროება შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სოციალური საწარმოები უმკლავდებიან ადგილობრივ სოციალურ პრობლემებს, თითოეული ქვეყანა სახავს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებსაც უნდა უპასუხოს სოციალურმა საწარმოებმა და საკანონმდებლო ჩარჩოსაც შესაბამისად არგებს.

ვფიქრობ საინტერესოა გაგიზიაროთ მოკლე ინფორმაცია იმ საწარმოების შესახებ რომლებსაც ვესტუმრეთ:

დღიური შხამი - სასაუზმე კლუბი ვილნიუსში (Daily Poison - Breakfast Club)

ოდესმე გიცდიათ კაფეში მუშაობის დაწყება? თუ  თქვენი პასუხი დადებითია - აღმოაჩენდით, რომ ასეთ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიები მოითხოვს რამდენიმეწლიან სამუშაო გამოცდილებას. მაგრამ თუ სტუდენტი ხართ და ჯერ არ გაქვთ რაიმე პროფესიული გამოცდილება? ეს საკითხი იყო გადამწყვეტი Daily Poison-ის მფლობელებისთვის, რომელიც მდებარეობს ვილნიუსის ცენტრის მახლობლად. როგორც  ჩანს, რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე კარგი და ჯანსაღი საუზმე ერთგვარი გამოწვევა იყო. “კაფეს დაარსების მთავარი მოტივატორი ამ წინააღმდეგობის გადალახვა იყო - გქონოდა ჯანსაღი სასაუზმე სივრცე ქალაქში, მანამ, სანამ შევთავაზებდით სამუშაოს ნაკლები სამუშაო გამოცდილებით მქონე ახალგაზრდებს - გაგვეზარდა ისინი წარმატებულ და კონკურენტუნარიან დასაქმებულებად ბაზარზე”.  კაფეს ასაქმებს 19 ადამიანს.

ტრაკაის კულტურის და ხელნაკეთი ნივთების ასოციაცია  

არასამთავრობო  ორგანიზაცია “ტრაკაის კულტურისა და ხელნაკეთი ნივთების ასოციაცია”, მდებარეობს ლიეტუვაში ტრაკაის რეგიონში. რეგიონი ხასიათდება გასაოცარი ბუნებით და ეთნიკური უმცირესობების სიმრავლით, რომლებიც მე-14 საუკუნის შემდეგ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

ასოციაციის  მთავარი მისიაა, შეინარჩუნოს სხვადასხვა ერის კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციების, დღესასწაულების, სადღესასწაულო ტანსაცმელის, რეცეპტების და სხვა ნივთების ჩათვლით. მათ დასახული მიზნების შესრულება 2015 წლის შემდეგ დაიწყეს და ამჟამად ავითარებენ სხვადასხვა სერვისებს, ასევე აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტებს საზოგადოებაში ცნობადობის ასამაღლებლად.

სერვისები  მოიცავს კულინარიული ხელოვნების სწავლებას, საგანმანათლებლო ტურებს, საზაფხულო ბანაკებს ბავშვებისთვის და ა.შ. პროდუქცია შექმნილია ტრადიციული არტეფაქტების მიხედვით და იყიდება სუვენირების მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს მათ სივრცეშივე. მოგება, რომელიც აკუმულირდება სუვენირების მაღაზიიდან უბრუნდება ასოციაციას, რათა უკეთ მიაღწიონ დასახულ მიზნებს. სოციალური საწარმოების ერთ-ერთი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფინანსური სტაბულირობის და დონორზე დამოკიდებულობის შემცირების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ასოციაციამ და მისმა სოციალურმა მაღაზიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და დღეს ბაზარზე გვევლინებიან, როგორც ყველაზე დიდი სოციალური გავლენის მქონე ორგანიზაცია ტრაკაის რეგიონში. 

Primas Blinas - რესტორანი კულინარიითა და სოცალური მისიით

Primas blinas - ბლინების სოციალური რესტორანია, რომელიც მდებარეობს ვილნიუსში, მისი მიზანია შექმნას დასაქმების შესაძლებლობა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. “როდესაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად, არ მინახავს არც ერთი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი და მიკვირდა, თუ სად იყვნენ ისინი?!” - ამბობს ტიმი, რესტორნის თანადამფუძნებელი. ტიმმა თავისი იდეები აქცია მოქმედებად და შემქნა ინკლუზიური სივრცე, დასაქმებისა და პროფესიული განათლებისთვის ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ადამიანებისთვის. “ჩემი გუნდის განვითარებისა და განათლების შესაბამისად, მე მივხვდი, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები იყვნენ ჩართულები ჩვენს საზოგადოებაში, სამუშაოს ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია” - ამბობს ტიმი ინტერვიუში. რესტორანმა მიაღწია დიდ წარმატებას, 2018 წელს ის გახდა სოციალური ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული. ბევრი კორპორატიული და ინდივიდუალური მომხარებელი იყენებს მათ სერვისებს. ამჟამად სოციალურ ბიზნესს დასაქმებული ჰყავს 8 ადამიანი.


სასწავლო ვიზიტის განმავლობაში გვიმასპინძლა StartUp ლიეტუვას დირექტორმა და გაგვაცნო სტარტაპ გარემო ლიეტუვაში, მოვისმინეთ სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. ასევე, დავათვალიერეთ არსებული სტარტაპ სივრცეები. უფრო მეტიც, ტურის განმავლობაში ჩვენ შევხვდით “ტურინგის საზოგადოების” (Turing Society) წარმომადგენლებს, რომლებიც ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ქმნიან სასწავლო-შემეცნებით სივრცეს, ასევე, სტუდენტების 19-28 წლამდე სთავაზობენ ხელმისაწვდომ კურსებს.

რომ შევაჯამო, ტური იყო კარგი გამოცდილება სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რათა მოვახდინოთ პოზიტიური სოციალური ცვლილებების ინიცირება დადებითი სოციალური შედეგების მისაღწევად.